X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის გზის პროექტი მოამზადეს წამყვანმა ამერიკულმა, იტალიურმა და თურქულმა საპროექტო კომპანიებმა

18 აპრილი 2023

„ძალიან ბევრი, სულ, 29 ტყუილი ითქვა რიკოთთან მიმართებაში ამ ბოლო დღეებში. ზოგიერთები ამბობენ, - როგორ შეიძლება 1 წელიწადში რაიმე კვლევების ჩატარება და თავად სხვა პროექტზე სწორედ ასე აქვთ ჩატარებული კვლევები, მაგრამ იქ პრობლემა არ იყო, იქ ყველაფერი მისაღები იყო. როდესაც სურვილი გაქვს დაძაბო შენი მოსახლეობა, დააშინო და ამითი გამოიწვიო მათი უკმაყოფილება; არგუმენტების, დასაბუთებების, მტკიცებულების გარეშე დისკრედიტაცია გაუკეთო როგორც პროექტს, ისე ამ პროექტში ჩართულ ექსპერტებს, მუშებს და უამრავ ადამიანს - ეს მიუღებელია“,-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტებთან ისაუბრა.  

მინისტრის თქმით, რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი არის ევროპული დონის, საუკუნის პროექტი, რომელიც კარგად ვითარდება. პროექტის საერთო განვითარების პროგრესი არის 78 პროცენტი, ხევი-უბისაზე და უბისა-შორაპნის მონაკვეთებზე კი - 91 და 95 პროცენტი.

როგორც ირაკლი ქარსელაძემ განმარტა, გზის პროექტირება განხორციელდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაფინანსებით. გზის საპროექტო კომპანიებიც შეირჩა ამ ორგანიზაციების პროცედურებით და მათი დასტურით.  შეირჩა მაღალი კვალიფიკაციის კომპანიები, მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტებით, რომლებიც პირველივე ეტაპიდან მონაწილეობდნენ პროექტირებაში.

„პროექტირების პირველი ეტაპის შემადგენელი ნაწილია სწორედ კვლევები. პირველი ეტაპზე ხდება მარშრუტის დასახვა იმისათვის, რომ გადაწყვიტო, სად უნდა იყოს ხიდი, გვირაბი, გზის მონაკვეთი, სად უნდა აშენდეს შესაბამისი კედელი სუსტი ფერდისთვის, განვითარდეს გამწვანება, განხორციელდეს სხვა ტიპის ღონისძიებები. ასე ხდებოდა ამ პროექტების განვითარება და ამ პროცესში ჩართული იყო ამერიკული კომპანია „აეკომი“, თურქული კომპანია „თემელსი“, იტალიური ცნობილი კომპანიები „აიარდი“ და „სპეა“. პროექტის ხელმძღვანელი იყო 50 წლიანი გამოცდილების მქონე ინგლისელი ინჟინერი, რომელმაც უპრეცედენტო რაოდენობის კვლევები განახორციელა ჭაბურღილების სახით, შემდგომი მათი ანალიზის სახით, მოდელირებების სახით და აი ამაზე დაყრდნობით, მთლიან გუნდთან ერთად, რომელშიც ერთიანდებოდა გეოტექნიკოსი, მეხიდე, მეგვირაბე, გზის ინჟინერი, სეისმოლოგი შედგა პროექტი,-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ ჩატარებული კვლევებით არათუ ქართული,  არამედ ევროპული სტანდარტი იყო დაკმაყოფილებული. შესწავლილი იქნა 77 ფერდი და მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტები.